ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)
25-31 მაისი, 2021

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.  სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის თემაზე კვლევის სხვადასხვა მიმართულებით  საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის.

პროექტის მიზანია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

 

საგაზაფხულო სკოლა განხორციელდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2021 წლის 25-31 მაისს.

  

სკოლის სამუშაო პროგრამის შესახებ

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს:

1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“

2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე

3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში

4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა

5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

 
მოდულების ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

• 20 ლექცია (იხ. პროგრამა), მათ შორის, 2 გასვლითი სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ატენის სიონი, სვეტიცხოველი, ჯვარი);

 • დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე;

•პანელური დისკუსია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა 5 მოხსენება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, თანამედროვე საეკლესიო პროცესების, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემების თემებზე;

•უნიკალური გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, აფხაზეთის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, კარტოგრაფიული და საარქივო მასალა (ორიგინელები). ასევე, იშვიათი გამოცემები – „აფხაზური დედაენა“ („ანბან შიყუ“), პირველშედგენილი ქართული გრაფემებით, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანი (ქართული მხედრული შრიფტით შესრულებული);

• ინტერაქტიული პროგრამა – სიმულაცია „აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდებში“, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთა მუშაობას საარქივო მასალასთან საგანგებოდ მომზადებული სამუშაო ბარათების საფუძველზე;

•საერთაშორისო სკოლა ლოგიკურად დასრულდა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციებით.

 

 სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“  პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო.

სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს სხვადასხვა თაობისა და სამეცნიერო სკოლების წარმომადგენლებმა. სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედიოდნენ: დარგში ცნობილი ქართველი მეცნიერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები (დოქტ. შალვა გლოველი, თემო ჯოჯუა, ნინო ქავთარია, თამარ აბულაძე, სხვ.); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი (პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა); უცხოელი მკვლევარები (პროფ. ოლივერ რაისნერი, პროფ. ტიმოთი ბლაუველთი), დარგის სპეციალისტები (პროფესორები გიორგი ანჩაბაძე. თეიმურაზ გვანცელაძე,  თამარ ქორიძე,  სხვ.).

პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი, თეა ქართველიშვილი, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი

პროექტის კოორდინატორი: პედაგოგიკის დოქტორი, ირინა გოგონაია, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი.

  
სკოლის  მსმენელების შესახებ

სკოლის სასწავლო პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 40-მდე სააპლიკაციო ფორმა, რომელთა დამუშავების შედეგად შეირჩა პროექტით გათვალისწინებული 16  მონაწილე, მათ შორის, ვარშავის (პოლონეთი), ბერლინის (გერმანია), არდაჰანის (თურქეთი), თელ-ავივის (ისრაელი), ლონდონის (დიდი ბრიტანეთი), საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების (თსუ, ილიაუნი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხვ.) ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურის კვლევების მიმართულების მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა დოქტორები, გალის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ისტორიის მასწავლებლები.

ოკუპირებული (გალის) ტერიტორიიდან მონაწილეების ჩართვა შესაძლებელი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური ჩართულობით.

 

Сovid 19-ის პანდემიის პირობებში სკოლა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ face-to-face, ფიზიკური დასწრების რეჟიმში (9 მონაწილე), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთმა მონაწილემ (მაია ახალკაციშვილი) და 6-მა უცხოელმა მსმენელმა მონაწილეობა მიიღეს  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

 

 აღსანიშნავია, რომ გალის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებიდან შემოვიდა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა 7 განაცხადი; შეირჩა  პროექტით გათვალისწინებული 4 კანდიდატი. სამწუხაროდ, ჩამოსვლა მოახერხა მხოლოდ ერთმა მსმენელმა. ჰიბრიდული ფორმატიდან  გამომდინარე, სკოლამ შესაძლებლობა მისცა ყველა აპლიკანტს გალის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიეღო სკოლის აკადემიურ პროგრამაში.

 

სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური ღონისძიებების პროგრამა, მომზადდა სკოლის ლექციების მასალების კრებული „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები) / საერთაშორისო სკოლის სალექციო კურსის მასალები“ (ელექტრონული ვერსია), რომელიც განთავსდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.manuscript.ge და თანამონაწილე ორგანიზაციის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ვებგვერდზე www.sou.edu.ge. კრებული განიხილება როგორც მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომი აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.

 

 სკოლის სამუშაო ენა იყო  ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით. სკოლის ბოლო დღე (31 მაისი) დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს (იხ. ფაილი – სკოლის მსმენელთა პრეზენტაციები). შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.